თბილისში რამდენიმე მუნიციპალურ მარშრუტზე ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, საერთო ჯამში თბილისში „ბოგდანის“ მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. დედაქალაქში 29 მაისიდან ძველი ავტობუსების ნაცვლად BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები გამოჩნდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური. 

რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სამკილომეტრიანი ზოლი დაიხაზა

უწყების ცნობით, N12, N22, N58, N30, N91 და N92 მარშრუტებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები იმოძრავებენ. კერძოდ, N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს.

„რაც შეეხება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ს მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად ISUZU-ს მარკის გამოთავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. 

BMC-ს მარკის ავტობუსები, რომლებიც საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე შემოიყვანეს, 90 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, მასში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია საინფორმაციო ხმოვანი სისტემით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის შიდა და გარე სისტემით, USB-დამტენებით, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებითა და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემით.