ქობულეთში კორონავირუსით 61 წლის ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსის დიაგნოზით ექიმი ქობულეთის საავადმყოფოში 10 მაისს შეიყვანეს. კოლეგებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

ტელეკომპანიის ცნობით, 61 წლის ნაირა სურმანიძეს კორონავირუსი 10 მაისს დაუდასტურდა და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტის მდგომარეობა თავდაპირველად სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა ეტაპობრივად დამძიმდა. 

COVID-19 რეგიონებში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთა განმარტებით, პაციენტს საწყის ეტაპზე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება აღენიშნებოდა, შემდეგ კი განუვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა. იგი ბოლო ორი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

ნაირა სურმანიძე ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოსა და ბათუმის კლინიკა „ბაუში“ რადიოლოგად მუშაობდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.056-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 341.894 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  4.727-ს მიაღწია.