როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები საქართველოში: პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს სერიოზული ზარალი მიაყენა. მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პანდემიის შემდგომ მისი აღდგენის გზები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა – ეს საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარმოადგინა

საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს-ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 52,9%-ით შემცირდა და 619,9 მლნ დოლარი შეადგინა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის სამომავლო გეგმებზე.  

საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ ყველა სფეროზე, განსაკუთრებით, ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. ეკონომიკის ვარდნის ტემპები განსაკუთრებით COVID-19-ის მეორე ტალღის პერიოდში დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ-ის 6,2%-ით კლება გამოიწვია. ამ დროისათვის, მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა და ბიზნესის დახმარების პროგრამების განხორციელებისა, ვითარება რთული რჩება.

2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4,2%-ით შემცირდა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხები მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა, რომელიც ღონისძიებაში პირველად მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. 

EBRD და FAO საქართველოს აგროტურიზმის განვითარებაში დაეხმარებიან
 

საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ინვესტორთა საბჭოს შექმნის თაობაზე მემორანდუმს ხელი 2015 წელს მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთობლივად მუშაობენ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე. საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან კერძო სექტორის განვითარებაში აქტიური ქართული და უცხოური ბიზნეს-ასოციაციები, ბიზნეს-ომბუდსმენი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.

EBRD საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში. დღეისათვის EBRD-მ განახორციელა 4 მილიარდი ევროს ინვესტიციები 250-ზე მეტ პროექტში, საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 87%-ს შეადგენს.

ბანკმა 2020 წელს 16 პროექტისთვის 630 მლნ ევრო გამოყო, რაც წინა წლის მოცულობას ორჯერ აღემატება. ბანკმა განსაკუთრებული ლიკვიდურობით და საბრუნავი კაპიტალით დაუჭირა მხარი კერძო სექტორის სიცოცხლისუნარიან კომპანიებს.