ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის გრან-პრიზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

მეშვიდე ტურში, რომელიც ხვალ, 29 მაისს გაიმართება, ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელ ჟანსაია აბდუმალიკს დაუპირისპირდება.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ (ფიდეს რეიტინგში მე-8 ადგილი) გიბრალტარში მიმდინარე ფიდეს გრან-პრიზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მეექვსე პარტიაში ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით რუმინელი ირინა ბულმაგა დაამარცხა.

​ამ გამარჯვების წყალობით ძაგნიძემ 3,5 ქულა დააგროვა და ტურნირზე გერმანიის წარმომადგენელ ელიზაბეტ პეტცთან და აზერბაიჯანელ გუნაი მამეზადასთან ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხე ადგილს იკავებს. 

ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გრან–პრიზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ექვსი ტურის შემდეგ ტურნირის ლიდერები არიან ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი და უკრაინელი მარია მუზიჩუკი, რომლებმაც 4,5–4,5 ქულა დააგროვეს. შემდეგ ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით სწორედ აბდუმალიკს დაუპირისპირდება.

აღნიშნული ტურნირი ფიდეს გრან-პრის დასკვნითი, მეოთხე ეტაპია. პირველ ეტაპზე, რომელიც სკოლკოვოში ჩატარდა, გამარჯვება ინდოელმა ჰაპმი კონერუმ (ინდოეთი) მოიპოვა, მეორე ეტაპზე (მონაკო) – რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა, ხოლო მესამეზე (ლოზანა) – ნანა ძაგნიძემ.

ამჟამად საერთო ჩათვლაში 398 ქულით რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს, რომელსაც ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 293) და ალექსანდრა კოსტენიუკი (193) მიჰყვებიან.

გიბრალტარის გრან–პრი წრიული სისტემით ტარდება 11 ტურად და მასში 12 მონაწილეა ჩართული. მისი შედეგების მიხედვით ქალთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა შეჯიბრების ორი მონაწილე გამოვლინდება.