„არჩიმ ერთ-ერთი პირველი „ბებია დიანა“ თქვა...“ – პრინცი ჰარის გულისამაჩუყებელი განცხადება

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის წყვილი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრინცი ჰარის მორიგი ინტერვიუ კვლავ სკანდალური აღმოჩნდა.
Sputnik

გასულ ხუთშაბათს AppleTV+-ის ეთერში ოპრა უინფრის შოუს The Me You Can’t See პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმარი პრინცი ჰარი იყო, რომელმაც გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას შესახებ ისაუბრა. პრინცმა გაამხილა, რომ მისი ვაჟის არჩის ერთ-ერთი პირველი სიტყვა „ბებია“ იყო.

მეგან მარკლის ყოფილი კაცები – ვის ხვდებოდა სხვადასხვა დროს სამეფო ოჯახის რძალი
„პირველი სიტყვა, რაც არჩიმ დედისა და მამის შემდეგ თქვა, ბებია იყო, ბებია დაიანა“, – აღნიშნა ჰარიმ. „ეს ყველაზე ტკბილი და, ამავდროულად, ძალიან სევდიანი გრძნობა იყო, რადგან დედაჩემი ახლა აქ უნდა ყოფილიყო“, – თქვა სასექსის ჰერცოგმა.

პრინცესა დიანა 36 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველი ვაჟი არჩი ამ შემთხვევიდან 22 წლის შემდეგ, 2019 წელს დაიბადა. დედის გარდაცვალება ჰარისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, მან აღიარა კიდეც, რომ დაობლების შემდეგ ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა.

პრინცესა დიანა ვერ მოესწრო ჰარის მეუღლეს მეგან მარკლს და მათ შვილს არჩის. „მჯერა, რომ დედაჩემი სადღაც მთვარიდან გვიყურებს და ხედავს, როგორ იზრდება ჩვენი ოჯახი“, – თქვა ჰარიმ. „ეჭვი არ მეპარება, რომ დედაჩემი ძალიან იამაყებდა ჩემით. მე ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლითაც თავად მას უნდოდა, რომ ეცხოვრა. მე არასდროს მიგრძვნია მისი სიახლოვე უფრო მეტად, ვიდრე ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, – ამბობს პრინცი ჰარი.

ჰარიმ და მეგანმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გასულ წელს დატოვეს და ახლა კალიფორნიაში, 14,7 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი მეორე შვილს ზაფხულში ელოდება.