თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა იზრდება და ივნისში კიდევ რამდენიმე მიმართულება ემატება, ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებენ ავიაკომპანიები:
- LOT Polish Airlines ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით;
- Ukraine International Airlines კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით;
- Fly Dubai დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით;
- Air Arabia შარჟა-ბათუმი-შარჟის მიმართულებით.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან და თურქეთიდან.
გარდა ამისა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიშინიოვიდან მრავალჯერადი ჩარტერული რეისები დაიწყება. ავიარეისები 1 ოქტომბრამდე, კვირაში ორჯერ სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.