აცრიან თუ არა ბავშვებს COVID-19-ზე საქართველოში: ჩხაიძის განმარტება

ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, უწევს თუ არა რეკომენდაციას Pfizer-ის ვაქცინით ბავშვების აცრას კორონავირუსზე.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. დღეს უკვე გვაქვს იმის საფუძველი, რომ საქართველოში 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსაც შევთავაზოთ ვაქცინაცია, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი მოზრდილების აცრაა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

თუ საქართველოში „ინდური შტამი“ გავრცელდა... რას ამბობენ სპეციალისტები

როგორც ჩხაიძემ განმარტა, Pfizer-ი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია.

„ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მრავალრიცხოვანი კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღო. კვლევა 1300 ბავშვზე ჩატარდა. საბოლოოდ კი შეფასდა, რომ pfizer-ის ვაქცინას 100%-იანი შედეგი ჰქონდა. არც ერთი ბავშვი, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, შემდეგ პერიოდში არ დაინფიცირებულა“, — განაცხადა მან.

თუმცა ჩხაიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ბავშვთა ვაქცინაცია კორონავირუსზე დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დადგეს, რაც უფროსებში აცრების პროცესი მასიურ სახეს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროტოკოლი იგივეა, როგორიც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. პირველი ეტაპი მედპერსონალის აცრებს მოიცავდა, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 126 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა, აქედან 20 ათასამდე მოქალაქემ ვაქცინის სრული, ორი დოზა მიიღო.