„მოქმედებენ ჰებელსის პრინციპით“: ცერცვაძე ორ ტელეარხს „ბოღმასა და ღვარძლში“ ადანაშაულებს

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის აზრით, გარკვეული ტელევიზიები და ექსპერტები „ამაზრზენად ტყუიან“ და „ალბათ ასეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა“
Sputnik

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ვრცელ წერილს აქვეყნებს და გარკვეულ ტელევიზიებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ა.წ. 11-13 მაისს და სხვა დღეებში „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტების, მათ შორის, ექიმების მონაწილეობით, დიდი ზარზეიმით აცნობა მოსახლეობას, რომ საქართველო COVID სიკვდილობით 1 მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში პირველ ადგილზეა! რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის მართვაში სრული კრახი განიცადეს, ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა?! ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზით კაცი გარდაიცვალა! და ა.შ.“, — წერს ცერცვაძე.

მისი თქმით, აღნიშნული მედიასაშუალებები ჰებელსის პრინციპით ხელმძღვანელობენ: „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს, ხალხი მას დაიჯერებს“.

ამასთან ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ გარკვეული ტელევიზიებისა და ექსპერტების „ურცხვი ტყუილი“ იმდენად ამაზრზენი არ არის, რამდენადაც ის, თუ რა უდიდესი კმაყოფილებით აკეთებენ ამას. 

  • „ალბათ, ასეთივე ბედნიერები იქნებოდნენ, თუ საქართველოში ჩერნობილის მსგავსი ტრაგედია მოხდებოდა, ან მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. საიდან ამდენი ბოღმა და ღვარძლი?“ — კითხულობს ცერცვაძე.

მისი განცხადებით, ტელევიზიები და კანკრეტული პირები, არ უნდა იგონებდნენ ისეთ ფაქტებს, რაც მოსახლეობას თრგუნავს და სტრესში ამყოფებს.

თუ საქართველოში „ინდური შტამი“ გავრცელდა... რას ამბობენ სპეციალისტები

„COVID-19 საუკუნის გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მას ვერ უმკლავდებიან ან ძნელად უმკლავდებიან ყველაზე ძლიერი და განვითარებული ქვეყნებიც კი. და როცა საქართველოს მსგავსი შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა ახერხებს, რომ COVID პანდემიის პრაქტიკულად ყველა ძირითადი პარამეტრით (ვაქცინაციის გარდა) ჰქონდეს ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, ვფიქრობთ, ეს მხარდაჭერას და თანადგომას იმსახურებს და არა ლანძღვა-გინებას“, — აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ მოახერხა პატარა ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის COVID−საწოლების (7 ათასამდე) მობიზილება, შექმნა ე.წ. COVID სასტუმროების ქსელი, რაც ინოვაციური მიდგომაა მსოფლიოში.

ცერცვაძის ინფორმაციით, ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან 98.62% გადარჩა. COVID ავადმყოფის გადარჩენის მაჩვენებლით (დაბალი სიკვდილობით) კი საქართველო სჯობნის ევროპის 38 ქვეყანას და მსოფლიოს 118 ქვეყანას.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.056-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 341.894-ს მიაღწია.