თბილისი, 27 მაისი - Sputnik. სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ხმაურია, იუწყება „პირველი არხი“.
პოლიციამ აქციის რვა მონაწილე სამართალდამცველთა კორდონის გარღვევის მცდელობისას დააკავა, ამის შემდეგ მომიტინგეები გზაზე დადგმული რკინის ჯებირების დაზიანებას ცდილობენ.
ამ მომენტში აქციის მონაწილეები კვლავ ჯებირებს ქვებს და მუშტებს ურტყამენ. მეორე მხრიდან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს ბარიერის გადალახვის საშუალებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ჯებირების გამო, რომლებითაც არის გადაკეტილი გზა, ისინი სახლში წასვლას ვერ ახერხებენ.
ამასთან, შეხლა-შემოხლის შედეგად არიან დაშავებულებიც. ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება აღმოუჩინა და ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ს ცნობით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში შეკრებილები პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით უკვე დაწყებულია.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში თბილისიდან გუშინ დაბრუნდნენ და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში პოლიციის მობილიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პროტესტი ისევ გუმათის დასახლებაში გაგრძელდება.
გუმათში პროტესტს წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები საქართველოს დედაქალაქში, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო.
მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივი ვადით გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.