შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია – პოლემიკა გრძელდება

თავად მელია ამბობს, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთ კანონპროექტს, რომელიც 20 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავეზე გავრცელდება.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში კენჭს უყრის „ამნისტიის შესახებ“ კანონს, შეეხება თუ არა ის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას – საკითხი ჯერ კიდევ სადავოა.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული საპროტესტო აქციის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

ამ დროისათვის პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი, ერთი უმრავლესობამ შეიმუშავა, მეორე – ოპოზიციამ. მმართველი პარტიის და ოპოზიციის დოკუმენტების ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მხარეებს თავად ამნისტიის პროცესის განსხვავებული ხედვა აქვთ. 

ამნისტიის კანონპროექტი: რომელ ვერსიას დაუჭირეს მხარი დეპუტატებმა

2019 წლის 20–21 ივნისის საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით აქციის 20-მდე მონაწილე, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კი ორი პოლიციელი დააკავეს.

დავის საგანია – ვის უნდა შეეხოს ამნისტია. რამდენადაც მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კონსულტაციები ჩიხში შევიდა, დიდი ალბათობით, კანონმდებლების მხრიდან პირველი მოსმენით კანონპროექტის ის ვარიანტი მიიღებს მხარდაჭერას, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა წარდგენილი.

„ჩვენ კანონპროექტს პირველი მოსმენით არსებული სახით მივიღებთ, ამის შემდეგ ჩვენ ორი კვირა გვექნება დამატებითი კონსულტაციებისთვის. შეიძლება კანონპროექტში კორექტივები შევიდეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ.

ორივე კანონპროექტში ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ბრალდებული ან მსჯავრდებული ამნისტირებულის მხრიდან თანხმობის საკითხი.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ასეთი თანხმობა აუცილებელია, ოპოზიცია კი ამ პუნქტს არ ეთანხმება და თვლის, რომ კანონპროექტში ასეთი პუნქტი სპეციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას გამო მიიღეს, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს ამნისტიაზე.

ამასთან, „ქართულ ოცნებაშიც“ არ მალავენ, რომ საუბარი კონკრეტულად ნიკა მელიას ეხება.

„ნიკა მელია ამბობს, რომ მას არ სურს ამნისტია მასზე გავრცელდეს, ოპოზიცია კი პრაქტიკულად მელიას სურვილის წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი კანონპროექტში. კერძოდ, თუ კონკრეტული პირი უარს აცხადებს ამნისტიაზე, იგი მას არ შეეხება. მას ძალით არავინ აიძულებს“, – განაცხადა კობახიძემ. 

გომელაური: ამნისტია ყველას, მათ შორის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს

თავად ნიკა მელიამ, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება, ოპოზიციონერ თანამოაზრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემს კოლეგებს, ოპოზიციის ლიდერებს სწორი პოზიცია აქვთ. მათ ესმით რამდენად არაგულწრფელია მმართველი პარტია შეთანხმების პირობების შესრულებისას“, – განაცხადა მელიამ.

თუმცა მან აღნიშნა, რომ ამნისტიის თაობაზე იგი თხოვნით არავის მიმართავს.

„ისინი ჩემ თანხმობას ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ მე არასდროს დავუჭერ მხარს ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის პოლიციელებს“, – განაცხადა მელიამ.

რა წერია კანონპროექტებში

მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ყველა, ვინც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დანაშაული ჩაიდინა და თანახმაა ამნისტირებაზე. ასევე პასუხისმგებლობისგან, ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა, ვინც ამ პერიოდში დანაშაულის მომზადებასა და მცდელობაშია დამნაშავე.

ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ჯანმთელობის მძიმე დაზიანებაში.

ოპოზიციის კანონპროექტში საუბარია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ამნისტიის შესახებ.  

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პირებს, ჩინოვნიკებსა და პოლიციელებზე ამნისტია აქციაზე დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გავრცელდება.