ილია მეორე გენერალ კვინიტაძეზე: სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე

სამების საკათედრო ტაძარში ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდები 22 მაისიდან დღემდე იმართებოდა.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. უცხოეთში გადახვეწილი და გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელიც გენერალ გიორგი კვინიტაძის სამშობლოში დაკრძალვას ეხება. 

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს. გენერლისთვის პატივის მისაგებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც დღემდე სამოქალაქო პანაშვიდები იმართებოდა. გენერლის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

„გენერალი გიორგი კვინიტაძე ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას. მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს“, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

საქართველოს რესპუბლიკაში გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში.

დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.