თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი სახესხვაობა აღმოაჩინეს, რომელიც სწრაფად ვრცელდება ბრაზილიაში, იუწყება Globo ქვეყნის ვირუსოლოგიური სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტ ჟოაო პესოა არაუჟო ჟუნიორზე დაყრდნობით.
„ვარიანტი P4 უცნობი წარმოშობისაა. პირველად ის სან-პაულუს მუნიციპალიტეტ მოკოკაში გამოვლინდა, რის შემდეგაც ფართოდ გავრცელდა პორტუ-ფერეირაში. არის თუ არა ის უფრო გადამდები ან საშიში — ამის განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია“, — წერს გამოცემა.
აღინიშნება, რომ ვარიანტი Р4, ისევე, როგორც სხვა „ბრაზილიური“ შტამები — Р1 და Р2, ასევე ფილიპინებზე გავრცელებული Р3 – განეკუთვნება B.1.1.28 ხაზს.
ვირუსოლოგ არაუჟო ჟუნიორის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება რეგიონში და უკვე ცხრა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
სან-პაულუს უნივერსიტეტის მონაცემები გრიპისა და კორონავირუსის გენომების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის საერთაშორისო სააგენტო GISAID-ს გადაეცა, სადაც მას სახელწოდება P4 მიანიჭეს.