თბილისი, 25 მაისი - Sputnik. პირველად საქართველოში, დედოფლისწყაროში ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბიოსფერული რეზერვატი წარმოადგენს სახმელეთო ან საზღვაო ეკოსისტემებს, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის ფარგლებში; ის ახდენს კონსერვაციისა და სტაბილური განვითარების ინოვაციური მიდგომების დემონსტრირებას. ანუ ბიოსფერული რეზერვატი არის ადგილი, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრაციის მეშვეობით სტაბილური განვითარების მიღწევას ცდილობენ. ეს შეიძლება მოხდეს მრავალმხრივი დიალოგის, ცოდნის გაზიარების, ცხოვრების ხარისხისა და ადამიანთა უნარების გაუმჯობესების მეშვეობით. აქ ადამიანები შეთანხმებულად ცდილობენ თავიანთი ინდივიდუალურობის, კულტურისა და ბუნების შენარჩუნებას.
„ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას“, - აღნიშნავენ სამინისტროში.
ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნეს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის პირველადი ინფრასტრუქტურის განთავსება.
თანდილაშვილის თქმით, იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის. 2015 წელს საქართველოში, სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა. დღეისათვის ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, მზად არის ახმეტაში ალაზნის სამი ბიოსფერული რეზერვატისა და დედოფლისწყაროში ვაშლოვანის რეზერვატის შექმნისთვის იუნესკოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატები დაამკვიდრებს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების კარგ პრაქტიკას, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყეების მდგრადი მართვისა და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით’’, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიოსფერული რეზერვატის კონცეფცია შეიქმნა 1974 წელს იუნესკოს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ (MAB) სამუშაო ჯგუფის მიერ. ორი წლის შემდეგ მათ დაიწყეს გაერთიანება მსოფლიო ქსელში ინფორმაციის, გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლის მიზნით 97 ქვეყანის 440 რეზერვატს შორის, არანაკლებ 300 მილიონ ჰექტარ ფართობზე ნაკლებად დარღვეული ეკოსისტემების შენარჩუნების მიზნით.