პომპეზურად არა, მაგრამ ლამაზად: საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში 26 მაისის საზეიმო დღესასწაულის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნება, განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე თბილისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. დამონტაჟებულია სცენა და ხუთი მონიტორი.

„ტაში ქართულ ჯარს" – „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივა

„მინდა წინასწარ მივულოცო საქართველოს 26 მაისი. განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას... ხვალ საზეიმო ვითარებაში ფიცს დადებს 247 რეკრუტი. პანდემიის გამო წელს ძალიან მოკრძალებულად გაიმართება 26 მაისის ღონისძიება. ღონისძიება დაიხურება Су-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, – განაცხადა გოგოჭურმა.

ღონისძიების ორგანიზატორის თათა სვანიძის ინფორმაციით, ხვალინდელი ზეიმი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„გასაგები მიზეზების გამო წელს 26 მაისი განსხვავებული იქნება. პროტოკოლის დაცვით თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ასევე ხუთი სხვადასხვა რეგიონიდან იქნება პირდაპირი ჩართვით. ღონისძიება 11:00 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებაზე წელს გადაიფრენენ სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საქართველოს დროშის ფერებში ბოლს გაუშვებენ“, – განაცხადა სვანიძემ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონია წელს ისეთ ადგილებში გაიმართება, სადაც ის აქამდე არასდროს ჩატარებულა, მაგალითად, სვანეთში, ფარავნის ტბაზე. ცერემონია ასევე გაიმართება მცხეთაში, თბილისში, აჭარასა და კახეთში.

თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამების საკათედრო ტაძარში 14:000 საათზე დაიწყება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტთან გამოსამშვიდობებელი საგმლოვიარო ცერემონია. მას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

26 მაისისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს 26 მაისს იმართება. ამ დღეს, 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ორწელიწად-ნახევარი არსებობდა.