კიდევ ერთი გაფიცვა: ქუთაისში ტაქსის მძღოლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ

აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კომპანიისგან მომსახურების ფასის გაზრდას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტში ტაქსის კომპანია Maxim-ის 200-მდე მძღოლი საპროტესტო აქციას მართავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე – მუშების პროტესტი არ წყდება

მძღოლების თქმით, საწვავი გაძვირდა, ხოლო მომსახურების დაბალი ტარიფის გამო მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. ისინი მოითხოვენ მათი შემოსავლის გაზრდას და აცხადებენ, რომ ეს მინიმალური მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც, კომპანიის შემოსავლებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია.

კომპანიის ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვენ. მათი თქმით, კომპანიის ადმინისტრაციას მათთან კომუნიკაცია არ აქვს, ამიტომაც თანამშრომლების პრობლემები მათთვის უცნობია.

საქართველო ბოლო პერიოდში გაფიცვებმა მოიცვა. ამ დროისთვის ქვეყანაში გაფიცული არიან მინერალური წყალი „ბორჯომის“, „წყალი მარგებელის“, ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.