ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან რიონის ხეობაში ბრუნდებიან

აქციის მონაწილეები ხვალ ავტოკოლონით გაემართებიან სოფელ ნამოხვანისკენ, რათა ინვესტორს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცენ.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა ხვალ რიონის ხეობაში დაბრუნება გადაწყვიტეს, იუწყება რესპუბლიკის მოედნიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე 211 დღე გრძელდება. აქციამ რეგიონებიდან თბილისში კვირას გადმოინაცვლა. აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც ხელისუფლებას 24 მაისის შუადღემდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. ისინი უკვე შეუდგნენ თავიანთი გეგმის რეალიზებას. ორშაბათს აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

როგორც საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხვალ აქციის მონაწილეები მოედანზე 16:00 საათზე შეიკრიბებიან, შემდეგ კი ავტოკოლონით გაემართებიან სოფელ ნამოხვანისკენ, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საშუალება არ მისცენ.

„ხვალ, 16:00 საათზე აქ ისევ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამის შემდეგ ჩვენ დავიძვრებით რიონის ხეობისკენ. არ უნდა მივცეთ კომპანიას საშუალება, დაანგრიოს ჩვენი ხეობა, შეცვალოს ლანდშაფტი, გვაგრძნობინოს, რომ ჩვენი უფლება, ნება არის უგულებელყოფილი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან რიონის ხეობაში ბრუნდებიან

რაც შეეხება დღევანდელ სამოქმედო გეგმას, რესპუბლიკის მოედნიდან მომიტინგეები ფილარმონიის შენობისკენ გაემართებიან, სადაც გარკვეული დროით გზას გადაკეტავენ.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა თბილისელებს გაგებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ვარლამ გოლეთიანმა განსხვავებული პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული შეხედულებების მიუხედავად შეკრებილებს ერთიანობისკენ მოუწოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა სახალხო აღარ იქნება.

კომპანია ENKA „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისთვის მზადაა

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. ეს ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის" – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი".

ამასთან, ხეობაში წყალდიდობის თავიდან აცილების მიზნით კაშხლის საშუალებით წყლის დონის რეგულირება მოხდება.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.