ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის

ბიზნესმენი უახლოეს დღეებში ცესკოს შესაბამისი განაცხადით მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე – პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე პროტესტი უკვე 211 დღე გრძელდება. აქციამ რეგიონიდან თბილისში კვირას გადმოინაცვლა. აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც ხელისუფლებას 24 მაისის შუადღემდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დაიმუქრნენ, რომ ქალაქის პარალიზებას მოახდენდნენ. ისინი უკვე შეუდგნენ თავიანთი გეგმის რეალიზებას. ორშაბათს აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით თბილისის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

ლევან ვასაძე ნამახვანჰესის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების იდეით გამოდის

ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

ვასაძის თქმით, უახლოეს დროს ის ცესკოს შესაბამისი განაცხადით მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებას შეუდგება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისიდან რიონის ხეობაში ბრუნდებიან

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ კომპანია ENKA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად“, – განაცხადა ვასაძემ პრესკონფერენციაზე.

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმზე ხალხი გამოთქვამს თავის მოსაზრებას – რომ „ნამახვანჰესი“ კონტრაქტში გაწერილი ამჟამინდელი პირობებით არ უნდა აშენდეს.

„ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა ასევე უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო მოძრაობას ის აფინანსებს.

ვასაძემ გამოუცხადა გულწრფელი მხარდაჭერა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს და აღნიშნა, რომ მათ გამოიჩინეს „ის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ჩვენს მოხელეებს უნდა გამოეჩინათ“.