Ryanair-ის ინციდენტი: ბაიდენმა ადმინისტრაციას ზომების მიღება დაავალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, თვითმფრინავისთვის კურსის შეცვლა და ჟურნალისტის დაპატიმრება საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფაა
Sputnik

თბილისი, 25 მაისი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ევროკავშირის მოწოდებას ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე, იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური.

„ვუერთდები არაერთ მოწოდებას საერთაშორისო გამოძიების ჩატარების თაობაზე. მივესალმები ცნობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციებისა და სხვა ზომებისკენ მოუწოდა ქვეყნებს“, − ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ამასთან პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მან უკვე დაავალა ადმინისტრაციას, ევროკავშირთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშაონ  შეასაბამისი ვარიანტები იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ვინც ავიაკომპანია  Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტთან და ასევე ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავებასთან არიან კავშირში.

„შოკისმომგვრელი აქტი“: ვაშინგტონი თვითმფრინავის ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს – ვიდეო

ჯო ბაიდენი „საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფად“ მიიჩნევს ბელარუსის მიერ თვითმფრინავისთვის კურსის შეცვლასა და რომან პროტასევიჩის დაკავებას, და სხვა ქვეყნებთან ერთად მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ.

23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, საგანგებო რეჟიმში დაჯდა მინსკის აეროპორტში ბორტზე ნაღმის არსებობის შესახებ ცნობის გამო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გამნაღმველები, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბელარუსელი უფლებადამცველების განცხადებით, აღნიშნული თვითმფრინავით მგზავრობდა ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი − ბელარუსში ექსტრემისტულად აღიარებული Telegram-არხ Nexta-ს დამაარსებელი და ასევე ექსტრემისტულად ცნობილი ტელეგრამ-არხ Беларусь головного мозга-ს მთავარი რედაქტორი, რომელიც მინსკის აეროპორტში დააპატიმრეს. პროტასევიჩი რესპუბლიკაში ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სიაშია შეყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული, მათ შორის, „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ მუხლით. მას შესაძლოა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდეს.