საქართველოში ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია იწყება

საქართველომ Sinovac-ის პირველი 100 ათასი დოზა ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას მოქალაქეები სპეციალურ პორტალზე შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinovac-ით იმუნიზაცია ორშაბათიდან, 24 მაისიდან იწყება.

ჯერჯერობით Sinovac-ს ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღია. ინდოეთში ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, ჩინური ვაქცინა ეფექტიანობის 90%-ით გამოირჩევა.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე რეგისტრაცია იწყება

საქართველომ Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, რომელიც 50 ათას ადამიანზეა განსაზღვრული. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე. მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 113.000 ადამიანმა გაიკეთა.