ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

„ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და ღირებული ოჯახია – თავიდან ის, რომელშიც იბადები, შემდეგ კი ის, რომელსაც თავად ქმნი“ – ეს მარიამ ღვინჯილიას სიტყვებია.
Sputnik

29 წლის ასაკში ის უკვე ოთხი შვილის დედაა და მეხუთეს ელოდება. ეს მით უფრო დასაფასებელია დღევანდელ პირობებში, როცა ერთი შვილის შემთხვევაში ბევრი გასამართლებელ არგუმენტად ფინანსების უქონლობას ასახელებს. თუმცა მარიამი მარტო ბავშვების აღზრდით არ არის დაკავებული, დიასახლისობამ მასში კულინარიული ნიჭიც გამოააშკარავა. მის ნახელავზე უკვე ისეთი მოთხოვნაა, რომ სამომავლოდ საცხობის გახსნას აპირებს. 

რაც მთავარია, ცდილობს შვილების მხოლოდ გაზრდით არ დაკმაყოფილდეს და ისინი სულიერ ღირებულებებს მცირე ასაკიდანვე აზიაროს.

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- მარიამ, საუბრის დასაწყისში აგვიწერეთ თქვენი ვერბალური ავტოპორტრეტი, როგორი ხართ?

- დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში. რა გითხართ? - ხასიათით მდიდარი ვარ და ამისთვის მადლობა ჩემს მშობლებს. ვფიქრობ, ბუნებამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სიამაყის გრძნობით დამაჯილდოვა, მაგრამ ამავდროულად არც თავმდაბლობის „დოზა" დავიწყებია. ადამიანებს ვაფასებ მათი ლოგიკისა და აზროვნების შესაბამისად, რადგან აზროვნებაში დევს ყოველივე. არ მიყვარს დანებება - ეს ჩემი ხასიათის ძლიერი მხარეა, სიტუაციას არასოდეს დავნებდები, რადგან ვიცი – უბრძოლველად არაფერი მოდის.

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- ბავშვობაში დაბრუნების სურვილი ხშირად გიჩნდებათ?

- ბავშვობა ჩემთვის საოცარი მოგონებები და ნოსტალგიაა, მონატრება იმ ადგილების, სადაც გაიზარდე და რომელთანაც ყველაზე უდარდელი პერიოდი მაკავშირებს. დრო მკურნალიაო, ამბობენ, მაგრამ ასე არაა, რაც უფრო ვშორდები ბავშვობას, მით უფრო მიძლიერდება იქ დაბრუნების სურვილი.

- როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

- ჩვენი სიყვარულის ისტორია ვირტუალურად დაიწყო. ერთმანეთი ინტერნეტ-სივრცეში გავიცანით. ოჯახი ორ წელიწადში, 2012 წელს შევქმენით. უკვე შვიდი წელია ერთად მოვდივართ. ერთად „გავახილეთ თვალი“ სამყაროში, სადაც არცთუ ისე ცოტა დაბრკოლებაა, მაგრამ ვახერხებთ და ორივე ერთი მიმართულებით ვიყურებით, ერთი მიზნები გვაქვს და ჩვენს ანგელოზებთან ერთად, ვიცი, წინ უამრავი თავგადასავალი გველის...

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- „საუკეთესო, რაც შეიძლება შექმნა თანაავტორობით - ეს ბავშვებია“... სურვილი, რომ ბევრი შვილი გყოლოდათ, ოჯახის მერე გაჩნდა?

- შვილები ჩემთვის არის ძალა და მიზეზი, რათა არ დავყარო ფარ-ხმალი და ყველა დაბრკოლება ღიმილით გადავლახო. რატომღაც ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, რომ შვიდი შვილი მყოლოდა. ბიბლიიდან ვიცით, რომ შვიდ რიცხვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა აქვს, ძალიან მიყვარს ეს ციფრი. დღეს არც ისე შორს ვარ იმისგან, რომ ბავშვობის სურვილი ბოლომდე ავიხდინო. რაც შეეხება პროფესიას, თავიდან ჟურნალისტობა მინდოდა, თუმცა ამ ოცნებას ვერ შევასხი ფრთები, ახლა კულინარიით ვარ გატაცებული.

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- კულინარიის ნიჭი აღმოგაჩნდათ, როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად გამოგდით ეს საქმე...

- დიასახლისობას ჩემთვის ძალიან დიდი ადგილი და დრო უჭირავს. კულინარია ბავშვობიდან მიტაცებდა და მიყვარდა. სულ მუდამ ახლის ძიებაში ვარ, სამზარეულოში ფუსფუსი პოზიტიურს მხდის, ბედნიერებას მანიჭებს და სულიერად მაწყნარებს. ორი წლის წინ ჩემი ფუნთუშებით გავხდი პოპულარული. ნელ-ნელა შემოსავლის წყარო ხდება ჩემი ხელით დამზადებული გემრიელი პასკები, აჩმა-ხაჭაპური, ფუნთუშები...

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- საქმიანობის გაფართოებაზე თუ ფიქრობთ?

- ბოლო ხანებში ხშირად მეკითხებიან, არ გინდა შენი ხაზით პატარა ბიზნესი წამოიწყოო. რაც უფრო ხშირად მესმის ეს კითხვა, მით უფრო მიძლიერდება ინტერესი. იმ გრძნობას არაფერი შეედრება, როცა შენი შრომის შედეგით ნასიამოვნები ხარ და სხვასაც აბედნიერებ. ვნახოთ, იქნებ ოდესმე გაიხსნას ჩემი მინი-საცხობი სახელად "მარისია"...

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- თურმე მანქანა სპეციალურად იყიდეთ იმისთვის, რომ ბავშვებს თავისი ქვეყანა გააცნოთ და შეაყვაროთ...

- დიახ, მართლაც ასეა, ეს მეუღლის გურამ ივანიძის ჩანაფიქრია. ის სამხედროა და უნდა, რომ შვილებს მთელი საქართველო მოატაროს. სამსახურიდან გამომდინარე, ბევრ დროს ვერ ატარებს ჩვენთან, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს ხოლმე, ყოველთვის ცდილობს ბავშვები გაანებივროს, თანაც უნდა, რომ ისინი აქედანვე იყვნენ დამოუკიდებლები.

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- რატომღაც ყოველთვის დედა-შვილობაზე საუბრობენ, არადა მამა-შვილობაც არანაკლები გრძნობაა...

- გეთანხმებით, მამა-შვილური სიყვარული საოცარი გრძნობაა - ფარული ვულკანივითა, გარედან მშვიდი, შიგნით - გავარვარებული გრძნობებით სავსე. როცა ვაკვირდები, მიხარია ამხელა ემოციებს რომ ვაწყდები. სხვათა შორის, უკვე პროფესიებიც შეურჩია შვილებს. მამა ოთხივეს განსაკუთრებულად უყვარს.

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- ყველა ოჯახს აქვს თავისი ისტორია და ამბები, რომელსაც ხშირად იხსენებენ ხოლმე, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი...

- ასეთი ისტორია ბევრი გვაქვს. ერთ სახალისო ისტორიას მოგიყვებით – მრავალშვილიანი ოჯახის კურიოზებიდან. ჩემი მესამე ბიჭი სიცხიანი იყო და მამასთან ერთად კლინკაში გავგზავნე, რადგან მეოთხე პატარას ვერ ვტოვებდი. მას დაავიწყდა ბავშვის დაბადების მოწმობა და როცა რეგისტრატურაში უკითხავთ ბავშვის დაბადების წელი, თვე და რიცხვი, უთქვამს, მე მეზობელი ვარ, ბავშვი გამომაყოლეს და არ ვიციო. თან ამ დროს პარალელურად მე მირეკავდა – ალექსანდრეს დაბადების წელი, თვე და რიცხვი მითხარიო. მე გამეცინა და ვუთხარი, ბავშვის მონაცემები როგორ უნდა დაგავიწყდეს–მეთქი. თან ვუკარნახე: „2017 წლის 16 იანვარი“ და მაშინვე გავუთიშე. კარგიო, მომაძახა და გამითიშა. უცებ გავიფიქრე, რანაირადაა 2017 წლის, როცა სამი წლის ახლა, იანვარში ხდება–მეთქი. სასწრაფოდ ჩავიხედე დაბადების მოწმობაში და „ჰოი საოცრება!“ – 2018 წლის 16 იანვარი ყოფილა! ბოლოს ორივე ერთმანეთს დავცინოდით...

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- ალბათ ხშირად გესმით გაოცებული რეპლიკები თქვენი მისამართით – რთულ დროში ვცხოვრობთ და ამდენი შვილის გაჩენას როგორ რისკავთო?

- მეხუთე ბავშვი?! ხომ არ გაგიჟდით?! როდის ელოდებით? როგორ ახერხებთ? ვინ გეხმარებათ? - ეს კითხვები ხშირად მესმის. ჩემზე კარგად ხედავენ, რომ ამ ყველაფერთან ერთად უამრავ სხვა რამესაც ვახერხებ, თანაც სრულიად მარტო! რა ჯობია ამდენ ბავშვს ერთ ოჯახში. გძინავს მხოლოდ მაშინ, როცა სხვას არ სჭირდება შენი სიფხიზლე; საჭირო ხარ ყველგან, რადგან ყველგან უნდა იყო, და თვითონაც არ იცი – როგორ ახერხებ ამას.

ბედნიერი ადამიანების საიდუმლო, ანუ მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია

- მრავალშვილიანობა როგორი ადამიანების ხვედრია?

- დარწმუნებული ვარ, მრავალშვილიანობა რჩეულების ხვედრია. შვილები უფრო მეტ სიძლიერეს, მეტ ძალას გაძლევენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვერვალი დაიპყრო. მინდა ისე იცხოვრონ, რომ არასოდეს შემრცხვეს მათი დედობა. მუდამ ლაღი და ბავშვივით სუფთა გული ჰქონდეთ და, რაც მთავარია, ერთმანეთის სიყვარული, გამტანობა და მოფრთხილება შეძლონ.

- აღარ გეკითხებით ბედნიერი თუ ხართ...

- ბედნიერები ვართ... გინდათ გითხრათ ბედნიერ ადამიანებს როგორ ამოიცნობთ? - მარტივად: ისინი სიმშვიდეს და სითბოს ასხივებენ, მშვიდად მოქმედებენ და ასევე მშვიდად მეტყველებენ. ბედნიერი ადამიანების საიდუმლო მარტივია - ისინი შინაგანი დაძაბულობის გარეშე ცხოვრობენ...