ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრალური გამზირი გაათავისუფლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობის განახლებას სამშაბათს, 16:00 საათიდან აპირებენ - ისინი კვლავ ქალაქის ცენტრალური ქუჩების პარალიზებით იმუქრებიან
Sputnik

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა განახლდა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე, კარვებში დაბრუნდნენ. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს ერთ-ერთმა მომიტინგემ გოჩა ნემსვერიძემ უამბო.

დღეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის რამდენიმე ასეულმა მოწინააღმდეგემ დროებით რუსთაველის გამზირი გადაკეტა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აქციები, მთავარი ქუჩების პიკეტირება და ბლოკირება გაგრძელდება.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის რიონზე ჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაუქმებას, მთავრობის დადგენილების გაუქმებას ამ კომპანიისთვის მიწების ხანგრძლივად გადაცემის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას, ასევე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც კარვები დგას. მოძრაობა აქაც არ არის გადაკეტილი, მანქანები მოძრაობენ. ხვალ პროტესტი გაგრძელდება“, - აღნიშნა ნემსვერიძემ.

აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობის განახლებას და ქუჩების პარალიზებას სამშაბათს, 16:00 საათიდან გეგმავენ. ამჟამად თბილისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე სცენა მონტაჟდება და მოძრაობა შეზღუდულია. ამიტომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს.