გოლეთიანი: მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის პარალიზება მოხდება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდი თვეა გრძელდება. მთავრობასთან დიალოგის შედეგად მოხერხდა კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმის მიღწევა, მაგრამ აქტივისტები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად დროს ხვალ, 12 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან. ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მთავარმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. აქციაზე, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ მიერ არის ორგანიზებული, თბილისელებსა და ორგანიზატორებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ. კერძოდ, დილის 8 საათზე ქუთაისიდან ავტოკოლონა დაიძრა და მას გზადაგზა მანქანები სხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ. მოედანზე უამრავი ადამიანია შეკრებილი.

„ხვალ, 12:00 საათამდე ჩვენს მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული თუ არ იქნება, ჩვენ მთლიანად დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ, ვერავინ ვერსად შეძლებს გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმრავლე და უფრო მეტი ადამიანი მოგვემატოს, ვიდრე დღეს აქ ვდგავართ“, - განაცხადა გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის შეწყვეტას, ჰესის მშენებელი კომპანია Enka-სთან ხელშეკრულების გაწყვეტას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ. გარდა ამისა, დღეს აქციის ორგანიზატორებმა ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციებს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას თუმცა დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ამ ნაწილში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

ასევე, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.