„ბორჯომის“ ქარხნები მეხუთე დღეა არ მუშაობენ

ბორჯომში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები არ იშლებიან, ზოგიერთმა მათგანმა ქარხნების მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები დადგა.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. მინერალური წყლის ჩამომსხმელი კომპანია „ბორჯომის“ ქარხნები მეხუთე დღეა გაჩერებული.

ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მეორე დღესვე კომპანია IDS Borjomi Georgia-ს ხელმძღვანელობამ წარმოების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.

კომპანია: „ნაბეღლავის“ ქარხანა გაფიცვის მიუხედავად მუშაობას აგრძელებს

კომპანია მზადაა გაფიცულებთან დიალოგისთვის, მაგრამ პროფკავშირების და მათი თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის შუამავლობის გარეშე. გაფიცულები ამ პირობებით მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ბორჯომში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ზოგიერთმა მათგანმა ქარხნების მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალა. გაფიცულები აცხადებენ, რომ დაიღალნენ დასვენების დღეების გარეშე მუშაობით და ამისათვის მიზერული ხელფასის მიღებით.

საქართველოში უკვე ოთხი საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ. „ბორჯომის“ საპროტესტო ტალღას შეუერთდნენ კომპანია „წყალი მარგებელის“ დისტრიბუტორები, ოზურგეთში ფქვილის საწარმო „გულისტანის" თანამშრომლები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია „წყალი მარგებელის" წყლის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლები.