კორონავირუსის ინდური შტამი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ყურადღების საგნის“ კატეგორიიდან „შეშფოთების საგნის“ კატეგორიაში გადაიყვანა. წინასწარი კვლევებით, ეს შტამი სხვებთან შედარებით უფრო გადამდებია და შემდგომ შესწავლას საჭიროებს. ამ კატეგორიაში მოხვდა ასევე ინგლისში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრაზილიაში გამოვლენილი შტამები.
„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა ახალი შტამის მუტაციებით, რითია სახიფათო კორონავირუსის ინდური შტამი, ასევე რომელი ვაქცინებია ეფექტური მის წინააღმდეგ.
რითია სახიფათო ინდური შტამი?
სპეციალისტები ინდურ შტამს უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.
ინდური შტამის გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ასევე ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელთაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსები ხშირად განიცდიან მუტაციას, თუმცა ეს, როგორც წესი, არ იწვევს ზიანის მატებას ან დაავადების დამძიმებას.
ამის მიუხედავად, ინდური შტამის ზოგიერთი მუტაცია ვირუსს უფრო გადამდებს ხდის და სიკვდილობის მაჩვენებლითაც აღემატება დანარჩენ შტამებს.
ორმაგი მუტაცია აღმოჩენილია ცილის საკვანძო ზონებში – ვირუსის იმ ნაწილში, რომლის დახმარებითაც ის ადამიანის უჯრედებში აღწევს. ამ მუტაციას შეუძლია იმუნური სისტემის გვერდის ავლა, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის, აღნიშნავენ ექსპერტები. ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში გამოვლენილია შტამი სამმაგი მუტაციით.
ეფექტური ვაქცინები
ინდოეთის ფარგლებს გარეთ ინდური შტამის ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთშია გამოვლენილი. ევროპასა და რუსეთში მასობრივი ვაქცინაციის გაგრძელების აუცილებლობასა და მუტირებული შტამის წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე საუბრობენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 მაისს პარლამენტში განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა დამტკიცებულია და ვაქცინაცია ვირუსის ყველა ვარიანტის, მათ შორის, ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.
ამავე აზრის არიან მეცნიერებიც. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის კათედრის პროფესორმა ალექსეი აგრანოვსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში დღემდე არ გამოვლენილა კორონავირუსის არც ერთი შტამი, რომელიც რუსული ვაქცინის მიმართ მდგრადობას გამოამჟღავნებდა.
ამის მიუხედავად, რუსულ ვაქცინებს „სპუტნიკ V“-სა და „ეპივაკკორონას“ ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურობაზე შეამოწმებენ.
ვირუსული ინფექციების სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სემიონოვმა კი ამას წინათ განაცხადა, რომ ვაქცინა „ეპივაკკორონა“ ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ მუშაობს. ამასთან, აღნიშნა, რომ ახალი შტამის გამოჩენის შემთხვევაში ვაქცინის სწრაფად გადაკეთებაც იქნება შესაძლებელი.
აზიაში, სადაც ვაქცინაციის ტემპები ევროპულისას ჩამორჩება, საფრთხეს გაცილებით მძაფრად აღიქვამენ.
ამასობაში ინდოეთში COVID-19-ით სიკვდილიანობის ახალი რეკორდები ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ერთ დღეში 3.874 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან კი - 287,1 ათასი.
კორონავირუსის პანდემიის ისტორია
ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი წარმომავლობის პნევმონიის აფეთქების შესახებ 2019 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი იყო ახალი ტიპის კორონავირუსი – 2019-nCoV, როგორც მოგვიანებით ეწოდა – SARS-CoV-2.
COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. პანდემიას მსოფლიოს მასშტაბით უკვე 3,4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.