თეა წულუკიანმა სამინისტროს შენობაში გადატანილი ექსპონატები მუზეუმებს დაუბრუნა

როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელდება მუშაობა სხვა გაუჩინარებული ექსპონატების მოსაძებნად და მუზეუმებში დასაბრუნებლად.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას 2010 წელს მათი საცავებიდან გატანილ ექსპონატებს უბრუნებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წულუკიანი: მეძახონ ბერია, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის უკან>>

თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში იმ ექსპონატების შეგროვების პროცესი დაიწყო, რომლებიც სხვადასხვა დროს სამინისტროში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და საქართველოს ეროვნული გალერეიდან შეიტანეს.

„ამით გვინდა დავასრულოთ ის არასასურველი ტრადიცია, რომლის თანახმადაც კულტურის სამინისტროს მუზეუმებიდან ფაქტობრივად უვადოდ გაჰქონდა სხვადასხვა ექსპონატი სამინისტროს ინტერიერის მოსართავად. მუზეუმების ფონდების კუთვნილი ექსპონატების ადგილი არის მუზეუმში, რათა ისინი გამოიფინოს და ნახოს ხალხმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ პროცესის შედეგად მოძიებული 12 ფერწერული ტილო დღეს მუზეუმებს დაუბრუნდა. ეს ექსპონატებია:

  • ელენე ახვლედიანი - „ფასანაური“;
  • ელენე ახვლედიანი - „ძველი ქუთაისი“;
  • ედმონდ კალანდაძე - „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“;
  • გურამ (ხიტა) ქუთათელაძე - „ნატურმორტი“;
  • გურამ (ხიტა) ქუთათელაძე - „პეიზაჟი“;
  • ლევან ლაღიძე - „განდევნა“;
  • სერგო ქობულაძე - „რუსთაველი“;
  • სერგო ქობულაძე - „დანტე“;
  • იდა ოცხელი - „ფოთოლცვენა“;
  • რადიშ თორდია - „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“;
  • მიხეილ ხვიტია - „შემოდგომა“;
  • თენგიზ ცხონდია - „ძველი თბილისის კუთხე“.

გარდა ამისა, წულუკიანის განცხადებით, მუზეუმებიდან სამინისტროში სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) გატანილ ექსპონატებში აღმოჩნდა დანაკლისი. კერძოდ, სამი ექსპონატი არ აღმოჩნდა სამინისტროში, ხოლო ოთხი ექსპონატი 2010 წელს გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში.

კულტურის სფეროს დიდი რეფორმები ელოდება – რა გეგმები აქვს მინისტრს

„ჩვენ გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ, საბედნიეროდ, ეს ექსპონატები დაკარგული არ არის. ჩვენ დავიწყეთ ჩეხეთიდან ოთხი ექსპონატის დაბრუნების პროცესი, ხოლო სამი ექსპონატის ბედის გასარკვევად, პირველ რიგში, სწორედ ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდის აღწერა მოხდება“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, დაბრუნებული ექსპონატები დღეს სამინისტროს შენობაში გამოიფინა და საჯაროდ დაუბრუნდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას, რაზეც შესაბამისი მიღება-ჩაბარების ოქმი გაფორმდა.