სკანდალი „ბოლო ზარზე“: განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობა, ისევე, როგორც კანონიერი ქურდებისთვის დახმარების თხოვნა, სისხლის სამართლის დანაშაულია.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოში სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების პერანგებზე გაკეთებულ წარწერებს, რომლებიც ქურდულ სამყაროს უწევდა პოპულარიზაციას, სკანდალი მოჰყვა.

„ვამაყობთ თქვენით“: პრემიერი მეთორმეტეკლასელებს სწავლის დასრულებას ულოცავს

თბილისისა და რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები „ბოლო ზარზე“ გამოჩნდნენ პერანგებით, რომლებსაც „ამშვენებდა“ წარწერები „სიცოცხლე ქურდებს“, „ქურდული ვარსკვლავები“ და კამერების ობიექტივებში მოხვდნენ.

საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობა, ისევე, როგორც კანონიერი ქურდებისთვის დახმარების თხოვნა, დანაშაულია.

თავად მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ ეს იყო ხუმრობა და არა ქურდული სამყაროს პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სკოლაში გუშინ მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის შეხვედრისას კამერამ დაფაზე ანალოგიური წარწერა დააფიქსირა. 

დღეს, საღამოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ“ ის მოსწავლეები, რომლებზეც იყო საუბარი, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა.

„ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითიც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლაშა სვანი“ და „უმკა" – უკრაინაში ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ განათლების სფეროს ერთ-ერთ მთავარ მოვალეობას ბავშვთა უფლებების დაცვა და სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამ პროცესში განათლების სისტემაში შემავალი ყველა რგოლი აქტიურად მონაწილეობს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სკოლაში ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა და ამაში აქტიურად არის ჩართული როგორც მანდატურის სამსახური, ისე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. 

„ჩვენთვის უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა“, – აღნიშნეს უწყებაში.