თავიდან ბიჭუნათა ანსამბლი „მართვეს“ სოლისტი იყო. 2009 წლიდან ფესტივალი „შემოდგომის თბილისის“ კონცერტების აქტიური მონაწილეა. 2013 წელს მან ქართული სიმღერის სიყვარულით ანთებული გოგონები შეკრიბა და ჩამოაყალიბა „თბილისის გოგონათა გუნდი“, რომელიც შექმნის დღიდან შემოქმედებით საქმიანობას „შიშველი ენთუზიაზმით“ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ყოველგვარ მხადაჭერასაა მოკლებული, წარმატებებს მაინც აღწევს. ეს კი ომარ ბურდულის დამსახურებაა, რომელიც 2015 წელს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველ ეროვნულ კონკურსზე საუკეთესო ქორმაისტერად დასახელდა. მისმა გუნდმა მაშინ აიღო გრან-პრი კატეგორიაში „აკადემიური სიმღერა“. ორი წლის მერე საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მესამე ეროვნულ კონკურსზე გუნდის გამოსვლა პირველი ადგილითა და ოქროს მედლით აღინიშნა.
ომარ ბურდულის „თბილისის გოგონათა გუნდი“ ა-კაპელა ნაწარმოების და ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.
აქტიური საკონცერტო საქმიანობის გარდა ომარ ბურდული თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია. საიდან იღებს სათავეს მუსიკისადმი მისი უანგარო სიყვარული? - ამ კითხვაზე პასუხს ამ მასალიდან შევიტყობთ...
- ბატონო ომარ, ყველაზე ადრე როდის გახსენდებათ მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
- ყველაზე ადრე? მახსოვს, როდესაც 4-5 წლის ვიყავი, დედა მიკრავდა და მე ვმღეროდი საბავშვო სიმღერებს. დედას დამთავრებული აქვს შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი პაპის მამა მღეროდა ფანდურზე თავის დაწერილს სიმღერებს, რაც, სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი და დაიკარგა.
- სამუსიკო სასწავლებელმა როგორ განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა?
- ფაქტობრივად სამუსიკო სასწავლებელმა გადამაწყვეტინა კონსერვატორიაში ჩაბარება. ეს იყო საწყისი, რამაც განსაზღვრა ჩემი მომავალი გზა. ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლია ჭონიშვილმა. ეს ადამიანი ჩემი ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად იყო და არის.
- შესაძლებელი იყო სხვა არჩევანი გაგეკეთებინათ?
- დიახ, ამ სასწავლებელში რომ არ შევხვედროდი ლია ჭონიშვილს, ალბათ რადიკალურად განსხვავებული გზით წავიდოდა ჩემი ცხოვრება. ყველაფერი ამ ადამიანის დამსახურებაა. ქალბატონი ლია საქართველოს საგუნდო საზოგადოების დამფუძნებელი და კონსერვატორიაში აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების კათედრის გამგეა.
- კონსერევატორიის წლები რით იყო გამორჩეული?
- კონსერვატორიის წლებზე ჯერჯერობით წარსულში ვერ ვისაუბრებ, რადგან როგორც ასისტენტ-პროფესორი, ახლაც კონსერვატორიაში ვარ. თუმცა სტუდენტობის პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, გამორჩეული იყო ურთიერთობებით, შემოქმედებითი სიახლეებითა და კონცერტებით. ოფიციალურ დასვენებებს თუ არ ჩავთვლით, კონსერვატორიის გარეშე ერთი დღეც არ მახსოვს ჩემი ცხოვრება, მიყვარს ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.
- რატომ არის თქვენთვის გამორჩეული საგუნდო ხელოვნება?
- არ შეიძლება საგუნდო ხელოვნებაზე დავიწყო საუბარი და არ ვახსენო იოსებ კეჭაყმაძე. ამ ადამიანმა მისი შემოქმედებით ძალიან დიდი ბიძგი მომცა, რომ ეს საქმე ასმაგად შემყვარებოდა. საგუნდო ხელოვნება, პირველ რიგში, იმითაა გამორჩეული, რომ ეს ცოცხალი ორგანიზმია. როცა ამდენი ადამიანის ემოცია ერთდება - საოცრებაა. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი მუსიკის საშუალებით ერთად გიყვება თავის სათქმელს. აი, ეს შეგრძნებაა ჩემთვის ყველაფრისგან განსხვავებელი და გამორჩეული.
- ანსამბლ „მართვეს“ პერიოდმა რა შეგძინათ პიროვნულად და შემოქმედებითად როგორ გაგზარდათ?
- „მართვეს“ პერიოდს ძალიან თბილად ვიხსენებ. აქ შევეხე პირველად მუსიკას. საწყის ეტაპზე ძალიან დამეხმარა პიროვნებად ჩამოყალიბებაში. არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, რომელმაც „მართვეს“ დაფუძნებით ძალიან დიდი ეროვნული საქმე გააკეთა. შეუძლებელია, რომ საქართველოში ამას ვინმე ვერ ხვდებოდეს. „მართვეს“ პერიოდს უკავშირდება ჩემი ცხოვრების საოცარი წლები. იმ დროს დავდგი პირველად სცენაზე ფეხი, აქ ვიმღერე პირველად მაყურებლის წინაშე სოლო პარტიები. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული გასტროლებიც ბავშვობის პერიოდს და „მართვეს“ უკავშირდება. ეს იყო გერმანიაში, სადაც ძალიან სასიამოვნო დღეები გავატარე. უდიდესი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შენი ქვეყნის კულტურა და ფოლკლორი წარადგინო უცხოელების წინაშე. ამ დროს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გეუფლება.
- თქვენი საქმიანობიდან რომელ მნიშვნელოვან ფაქტებს გამოყოფდით?
- რამდენიმეს გავიხსენებ: 2012 წელს საგუნდო მუსიკის ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდს ვუდირიჟორე. იმავე წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესრულდა შავლეგ შილაკაძის კანტატა „ლოცვა“. იმ კონცერტზე სიონის ტაძრის ვაჟთა გუნდის ხელმძღვანელის თხოვნით მის გუნდს ვუდირიჟორე. ასევე გავიხსენებ 2013 წლის 6 დეკემბერს, როცა მონაწილეობა მივიღე კონცერტში „ქართული ოპერის სათავეებთან“, სადაც ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“ სტუმრის პარტია შევასრულე.
- შეიძლება ითქვას, რომ „თბილისის გოგონათა გუნდი“ თქვენი ცხოვრების მთავარი პროექტია?
- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „თბილისის გოგონათა გუნდი“ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. როდესაც მისი შექმნის იდეა გამიჩნდა, მაშინ მისი განხორციელება თითქმის შეუძლებლად ჩანდა. სტუდენტებში იყო პესიმისტური განწყობა, რომ როცა სწავლას დაამთავრებდნენ, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახდენდნენ. რასაკვირველია, არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ, უფლის წყალობით, მისი დახმარებით შევძელი და ძალიან ნიჭიერი გოგონები შევკრიბე. როცა მუშაობა დავიწყე, მაშინ მაგისტრატურის პირველ კურსზე ვიყავი. ბევრი პრობლემა და ხელის შემშლელი ფაქტორი იყო და მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.
- რა გაძლევთ იმის ძალას, რომ ამდენი ხანია ენთუზიაზმზე არსებობთ?
- მახსენდება ისეთი მომენტები, როცა ენთუზიაზმი ძალას გვმატებდა. მახსოვს, გოგონები თავს ცუდად გრძნობდნენ, მაგრამ მაინც მოდიოდნენ რეპეტიციებზე. ფაქტობრივად მშივრები იყვნენ, რადგან ჭამას ვერ ასწრებდნენ და სამსახურიდან პირდაპირ რეპეტიციებზე მორბოდნენ. მახსოვს ჩვენი ერთი წევრი, რომელიც თავისი სამი თვის შვილით ხელში მღეროდა რეპეტიციაზე. გუნდის მომღერლებზე უამრავი რამ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ამისთვის ალბათ დრო არ გვეყოფა. მე ამ გუნდით ვცხოვრობ და ის დღეს ჩემთვის ყველაფერია. იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაინახავს და დააფასებს ამ გოგონების ნაშრომს.
- აქვე დავაზუსტოთ, რომ ის გოგონები უკვე გაიზარდნენ და გუნდსაც სახელი გადაერქვა...
- „გოგონათა გუნდი“ 2018 წლიდან არსებობს და ამ სახელით იყო ცნობილი. ახლა „თბილისის ქალთა გუნდის“ სახელით გვიცნობენ. სამწუხაროდ, ფინანსების უქონლობის გამო ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას ვერ ვახერხებთ. თუმცა ნამყოფი ვართ საერთაშორისო ფესტივალზე ბაქოში, სადაც ძალიან კარგი შეფასება დავიმსახურეთ. ამ გასტროლების გამო მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლია ჭონიშვილს, რომელმაც საფესტივალო გუნდი სამი კოლექტივისგან შექმნა. იმ კონცერტზე, საერთო ნომრებთან ერთად, რვა ნაწარმოები დამოუკიდებლად შევასრულეთ.
- როგორ გაიხსენებთ საერთაშორისო ფესტივალზე გუნდის გამოსვლას?
- გორში პირველ საერთაშორისო ფესტივალზე გამოსვლა უჩვეულოდ მახსენდება. ეს ფესტივალი ადრეც არსებობდა და წლების შემდეგ ის ქალბატონმა ლია ჭონიშვილმა აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები შეგვექმნა და რვა სოპრანოდან კონცერტზე მოსვლა მხოლოდ ოთხმა შეძლო, მაინც ძალიან კარგად ვიმღერეთ და ფესტივალზე ერთ-ერთ საუკეთესოდ დაგვასახელეს. ეს აღიარება ჩვენთვის უჩვეულო იყო, რადგან კონცერტის დაწყებამდე ამას ვერც ვიფიქრებდით.
- რომელი იქნებოდა სიმღერა, რომელსაც უცხოური მსმენელის წინაშე შეასრულებდით საქართველოს წარმოსაჩენად?
- სიმღერა, რომელსაც შევასრულებდი, აუცილებლად იქნებოდა იოსებ კეჭაყმაძის რომელიმე ნაწარმოები. რადგან ქართული კულტურა მისი ნებისმიერი სიმღერის ამორჩევის შემთხვევაში საუკეთესოდ წარმოჩინდება. თუმცა თუ ერთის დასახელებას მთხოვდით, ეს იქნებოდა სიმღერა „ლაშარის გზაზე" - აქ კარგად იგრძნობა ქართული სული და ხასიათი...