თბილისი, 20 მაისი – Sputnik. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე კრიმინალური „ავტორიტეტი“, მათ შორის, ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ჯაჭვლიანი („ლაშა სვანი“) დააკავეს.
46 წლის ლაშა ჯაჭვლიანის დაკავების სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.
„ეს პირები ქმნიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებს და სახელმწიფოში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით აკონტროლებდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, აქეზებდნენ მათ ახალ დანაშაულებებზე და ქმნიდნენ დამატებით საფრთხეს მოქალაქეებისთვის”, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯაჭვლიანთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „უმკა“. აღნიშნული პირები კრიმინალებს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში – დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიესა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში აკონტროლებდნენ.