გაფიცვა „ბორჯომის“ ქარხნებში: კომპანია თანახმაა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდოს

კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე დღეა ითხოვენ. კომპანია დათმობაზე მიდის, თუმცა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა კვლავ ვერ ხერხდება.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით დააკმაყოფილოს თანამშრომლების მოთხოვნები, იუწყება „პირველი არხი“.

რას გულისხმობს ეს გაუმჯობესებული პირობები, კომპანიაში არ აკონკრეტებენ.

18 მაისს ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. თანამშრომლების გაფიცვას კომპანია „ბორჯომი" მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელოს. ეს შეთავაზება გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა. 

გაფიცულებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი იკისრა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც ადგილზე გუშინ იმყოფებოდა. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა.

გაფიცვა ბორჯომში: მუშების და ხელმძღვანელობის პოზიციების დაახლოება დეპუტატმა შეძლო

მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების პირისპირ მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის მიზეზად კომპანიაში გაფიცვების ორგანიზატორის დესტრუქციულ ქმედებებს ასახელებენ. საუბარია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ის უკრძალავს კომპანიის თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, – აღნიშნულია კომპანიის განცხდებაში.

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები კი კომპანიის ხელმძღვანელობის პირობების გაცნობას მხოლოდ პროფკავშირის იურისტის თანდასწრებით თანხმდებიან.

ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი გუშინდელიდან მოყოლებული დროებით შეჩერებულია. 

„ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის ნიშნად პროფკავშირების გაერთიანების წევრებმა პარასკევს აქცია დააანონსეს.