თბილისი, 20 მაისი – Sputnik. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ ათი წუთით დაპოსტილი got married შემთხვევითობა იყო.
როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე შევიდა „სეთინგებში“ და შემთხვევით ხელი დაეჭირა.
ელისო ბოლქვაძემ ასე განმარტა, თუ როგორ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ მის ოფიციალურ გვერდზე წარწერა – got married („დაქორწინდა“).
„ამაზე მთელი თემა დაიწერა, გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა. არ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო“, – აღნიშნა პიანისტმა.
ელისო ბოლქვაძე დაქორწინებულია. ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლქვაძის მეუღლე კომპანია „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნელია.