„არა „ნამახვანჰესს“!  – რას გეგმავს ვარლამ გოლეთიანი 23 მაისს თბილისში

ქუთაისში მასობრივი აქციების გამართვის შემდეგ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტებმა რეგიონები მოიარეს და თბილისში მასშტაბური აქციისთვის ხალხის მობილიზაცია მოახდინეს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მასშტაბური საპროტესტო აქცია თბილისში რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს გაიმართება, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან. 

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა ახლობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვენ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თემაა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აღნიშნულმა პროექტმა დიდი საპროტესტო ტალღა უკვე ააგორა. 

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის განხორციელებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საპროტესტო აქცია 14:00 საათზე დაიწყება და, დიდი ალბათობით, მას გაგრძელება ექნება. მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან და თუ საჭირო გახდა, გარკვეული დროით დარჩებიან, დასძინა მან. 

Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

„23-მა მაისმა საკუთარი სიტყვა უნდა თქვას და ხელისუფლებამ უნდა გაიგონოს ჩვენი ხმა, ამიტომაც აუცილებელია რესპუბლიკის მოედანზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს. ეს იქნება განგრძობითი აქცია. რაიონებიდან ადამიანები ემზადებიან წამოსასვლელად და დასარჩენად“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, 23 მაისის აქცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახებს, რომ ხალხის რაოდენობაზე „შავი პიარითა“ და პროვოკაციებით გავლენას ვერ მოახდენს.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. თუმცა მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობასა და თურქულ კონტრაქტორ კომპანია ENKA-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.