თანხა გემზე დასაქმების სანაცვლოდ – თაღლითობის ფაქტი აჭარაში

27 დაზარალებული მეზღვაური საქმის გამოძიებას ითხოვს. მათი ვარაუდით, თაღლითურ სქემაში შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. აჭარაში თურქეთის მოქალაქემ გემზე დასაქმების სანაცვლოდ რამდენიმე ქართველ მეზღვაურს მოტყუებით სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოართვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

თურქეთის მოქალაქე დასაქმებას 27 ქართველ მეზღვაურს შეჰპირდა. კაცმა თითოეულ მეზღვაურს საშუალოდ 500 დოლარი გამოართვა. დაპირების თანახმად, მეზღვაურები სარფიდან თურქეთში უნდა გადასულიყვნენ. ისინი ადგილზე დათქმულ დროს მივიდნენ, თუმცა შეკრების ორგანიზატორი ადგილზე არ დახვდათ.

თაღლითობის მსხვერპლი მუშები: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

დაზარალებული მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები ამ დროისათვის აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არიან შეკრებილი და მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

„თანხა გადავუხადეთ გემზე წასვლის საფასურად, მაგრამ საბოლოოდ სარფში მივედით და აღმოჩნდა, რომ გაქრა თურქი“, – აცხადებს ერთ-ერთი მეზღვაური.

ისინი ვარაუდობენ, რომ თაღლითურ სქემაში შესაძლოა ჩართული იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც თავს თარჯიმნებად ასაღებდნენ.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ციცო ხარაბაძე, რომელიც თარჯიმნის ფუნქციას ასრულებდა, აცხადებს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა და მისთვის თანხა არავის გადაუხდია.

„თარჯიმანი ხარ და თარჯიმნის ფულს გადაგიხდიო, მეუბნებოდა, გადამითარგმნეო. 60 წლის კაცი იყო, სერიოზული პიროვნება, ყოფილი მასწავლებელი, კულტურული, განათლებული, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აფერისტი იქნებოდა“, – განაცხადა ხარაბაძემ.

ამ წუთებში რამდენიმე დაზარალებული აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად იმყოფება თაღლითობაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე.