მიიღებს თუ არა მონაწილეობას კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებში?

კახა კალაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისის მოქმედ მერს კახა კალაძეს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება – მოსინჯავს თუ არა ძალებს ამ თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევისთვის. 

კალაძე: მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას ნდობისთვის და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი. მანამდე ქართული მასმედია წერდა, რომ კალაძე მმართველი პარტიის დატოვებას და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს; რომ მოქმედ მერს მილანში დაბრუნება სურს, სადაც ერთ დროს წარმატებული ფეხბურთელის კარიერა გაიკეთა.

„იყო დედაქალაქის მერი – დიდი პასუხისმგებლობაა და მე სრულად ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს ჩვენს გუნდთან და თანამშრომლებთან ერთად, რათა ღირსეულად გავუმკლავდეთ ყველაფერს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

პარტიის პოზიცია

მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თბილისის მოქმედი მერი, ეს მხოლოდ მის პოზიციაზეა დამოკიდებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე: მელია თუ ერთადერთი კანდიდატი იქნება არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ

„თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ხედავს, როგორ ვითარდება და ლამაზდება ქალაქი. კახა კალაძე არის დედაქალაქის საუკეთესო მერი. მგონია, რომ ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ 36 ათასი წევრი ერთსულოვანია. რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატურის წამოყენებას, ეს მხოლოდ მასზე და მის პოზიციაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ დაამატა, რომ კანდიდატებს, როგორც წესი, არჩევნებამდე ორი–სამი თვით ადრე ასახელებენ.

„ჯერ არის დრო და ყველა კანდიდატი ერთდროულად დასახელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ადრე მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია მერობის კანდიდატად პარლამენტის ექს-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს წარადგენს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია თავად თალაკვაძემ უარყო. თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი აპრილის ბოლოს დატოვა. იგი პარლამენტის სპიკერის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი აღნიშნული პოსტი მეორედ დაიკავა. თალაკვაძე ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერია.

განსაკუთრებული არჩევნები

ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. 

თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პოპულარული ადამიანების რეიტინგში თალაკვაძე მეათე, კალაძე კი მესამე ადგილზეა. რეიტინგში პირველ–მეორე ადგილს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე და მთავრობის ყოფილი მეთაური გიორგი გახარია იკავებენ.

კალაძისადმი სიმპათიით განწყობილია საქართველოს მოსახლეობის 54%, თალაკვაძეს კი მოსახლეობის 33% ემხრობა.