მტანჯველი ორწლიანი მოლოდინი, რომლის განმავლობაშიც მილიონობით ადამიანმა მოასწრო Little Big-ის კლიპში Uno მოცეკვავე ფუშფუშას შეყვარება, დასრულდა. Rotterdam Ahoy-ს არენა უახლოეს კვირაში მუსიკალურ ცენტრად იქცევა არა მარტო ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
დადგა დრო, როდესაც ამ მუსიკალურ-პოლიტიკური თავყრილობის მოყვარულებმა ორი წლის განმავლობაში კარადებში შენახული ბუმბულები, ბრჭყვიალა და ფერადი ალმები უნდა გამოალაგონ და უზრუნველად აქნიონ აქეთ-იქით მთელი ეს ჭრელაჭრულა „აღჭურვილობა“ მუსიკის თანხლებით - ევროვიზია დაიწყო.
ადამიანი-სპეცეფექტები
18 მაისს კონკურსის ორიდან ერთი ნახევარფინალი გაიმართა, რომლის შედეგებითაც ათი ფინალისტი გამოვლინდა.
და როგორც ყოველთვის, ევროვიზიას აბსოლუტურად დიდებული, მასშტაბური სცენოგრაფია და გრანდიოზული ტელესურათი ჰქონდა: უზარმაზარი ეკრანები, ლაზერის სხივები, ირგვლივ ყველაფერი ლივლივებდა და ნაპერკწლებს ისროდა, იყო გამაოგნებელი 3D პროექცია, ხოლო კონკურსის მონაწილეთა წარდგინების ვიდეოჩანართები ლამის ტელეხელოვნების ცალკე ნაწარმოებები იყო.
თავად ევროვიზიის ერთ-ერთი წამყვანი Nikkie de Jager-ი ნამდვილ გიგანტურ სპეცეფექტსა და ზღაპრულ პერსონაჟს ჰგავდა - ასეთი სიმაღლისა თავად ბრიენასაც კი შეშურდებოდა „სამეფო კარის თამაშებიდან“.
ტელეწამყვანებს არც ევროვიზიის ორგანიზატორები და კონკურსის მონაწილეები ჩამორჩებოდნენ შთამბეჭდავი ვიზუალიზაციის კუთხით. ჩრდილომაკედონიელმა Vasil-მა გამოსვლის დროს, ყველაზე საზეიმო მომენტში, პიჯაკი გაიხსნა და... თავისი შუქმფენი „მაისურით“ მთელი არენა გაანათა.
ხოლო ირლანდიელი Lesley Roy მთელი სამი წუთის განმავლობაში (ამდენ ხანს გრძელდებოდა ნომერი) მუყაოს ტყესა და ქაღალდის ქუჩებში დარბოდა.
მაგრამ ვერც Vasil-მა და ვერც Lesley Roy-მ, მიუხედავად ეფექტური ნომრებისა და სასიამოვნო მუსიკისა, კონკურსის ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს.
რაც შეეეხება რუსეთის წარმომადგენელ მანიჟას, რომელიც ასრულებდა სიმღერას Russian woman, ის სცენაზე ჩაიდნის სათბურა-თოჯინის სახით გამოცურდა. მის კოსტიუმს კარიც კი ჰქონდა დატანებული, საიდანაც მოხერხებულად გამოძვრა კიდეც რაღაც მომენტში.
ოდნავ მოგვიანებით სცენაზე შვედი მომღერალი გამოჩნდა, რომელმაც თავისი გარეგნობით უფროსი თაობის მაყურებელი ალბათ უფრო დააბნია.
თუმცა ევროვიზიის პირველი ნახევარფინალის მთავარ თემად იქცა ლამის რელიგიური და მითიური თემა სინათლისა და სიბნელის, კეთილისა და ბოროტის, ბოროტი ჯადოქრებისა და მშვენიერი პრონცესების დაპირისპირებისა.
სლოვენიის წარმომადგენელმა შთაგონებით იმღერა „ალილუია“, თუმცა ამ ღვთიურ ხოტბას მაშინვე სკანდალური ტრეკი მოჰყვა ეშმაკის შესახებ კვიპროსელი ლამაზმანის მხრიდან.
სლოვენიელ არტისტს ნორვეგიელი შემსრულებელი წამოეშველა დაცემული ანგელოზის სამოსში. თუმცა თავისი ბრჭყვიალა კოსტიუმითა და ქურქით ის უფრო ზამთრის ძილისგან ახლად გამოფხიზლებულ „სნეგუროჩკას“ ჰგავდა.
ანგელოზმა-სნეგუროჩკამ, სამწუხაროდ, ვერაფერი უშველა სლოვენიელს, ფინალში გასვლაში ვერ დაეხმარა, და კვიპროსელმა, ევროვიზიისთვის ლოგიკურად, ბნელის სინათლეზე გამარჯვება იზეიმა.
ანგელოზებსა და დემონებს შორის ამ დაუნდობელ ბრძოლაში გაიელვა აზერბაიჯანელმა არტისტმა სიმღერით მატა ჰარიზე, და ჯგუფმა უკრაინელი სოლისტით, რომელიც ჯადოქარ მალეფისენტას ჰგავდა. ორივე მათგანი ფინალში გავიდა ნორვეგიელ, ისრაელელ, რუს, მალტელ, ლიეტუველ, კვიპროსელ, შვედ და ბელგიელ მომღერლებთან ერთად.
მთლიანობაში ევროვიზიის პირველმა ნახევარფინალმა სასიამოვნოდ გააკვირვა მსმენელ-მაყურებელი ხარისხიანი სიმღერებითა და კაშკაშა, ეფექტური ნომრებით.