კომპანია „ბორჯომი“ ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს

კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, „უკანონო ქმედებების“ შეწყვეტისთანავე  ნებისმიერ დროს განაახლოს ქარხნების მუშაობა.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კომპანია „ბორჯომი", აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით, დროებით ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს, ნათქვამია „IDS ბორჯომი საქართველოს" განცხადებაში, რომელიც მასმედიაში გავრცელდა.

გაფიცვა „ბორჯომის“ ქარხნებში: კომპანიის ხელმძღვანელობა დიალოგისთვის მზადაა

გუშინ, 18 მაისს ქალაქ ბორჯომში „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვენ.

კომპანიის ცნობით, ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის მიუხედავად, გუშინ წარმოების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდა, თუმცა, კომპანიამ, პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

„კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო" სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა. ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.   

თანამშრომლების გაფიცვას კომპანია „ბორჯომი" გუშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანია მზად არის, დასაქმებულთა ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი განაწილების პრინციპით განახორციელოს. ეს შეთავაზება გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

„ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.