ყაჩაღობა და მუქარა სენაკში: მამაკაცს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

თავდამსხმელები სახლის მეპატრონეს ფულად თანხას და ძვირფასეულობას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდნენ
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულ მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

აწამებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა: ოჯახური ძალადობისთვის მამაკაცი დააკავეს

გამოძიების მონაცემებით, 2020 წლის 7 აგვისტოს სოფელ ძველ სენაკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში შეიჭრა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სახლის მფლობელებს ფულსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით ემუქრებოდნენ.

„თავდამსხმელები დაეუფლნენ ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს, საერთო ჯამში კი, დაზარალებულებს 1527 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი რამდენიმე დღეში დაკავეს. სასამართლომ ის ასევე დამნაშავედ ცნო სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება).