ხანძარი თბილისში: მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს და სხვა მოსახლეების ევაკუაციაც განახორციელეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

პეკინზე, საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა

დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 18 მაისს, დილით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 14-სართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რის შემდეგაც კორპუსის ზედა სართულებზეც გავრცელდა.

მეხანძრე–მაშველებმა ხალხის ევაკუაცია როგორც სადარბაზოს, ისე სახანძრო კიბის საშუალებით განახორციელეს. შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, იყო ხანძრის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეების მხრიდან ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროულად ლოკალიზება. ამ დროისათვის კორპუსში ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია.

როგორც ჟურნალისტებს თვითმხილველებმა განუცხადეს, მათ დაინახეს ქალი, რომელიც ხანძრიდან თავის დაღწევის მიზნით მეექვსე სართულიდან გადმოხტა. მათი თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. დაიწყო გამოძიება.