ციხეებში მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გადაწყვეტილია: საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაცია მომდევნო კვირაში დაიწყება

ვაქცინაცია 18 მაისს გეგუთის N14 (90 მსჯავრდებული), გლდანის N8 (120 მსჯავრდებული) და რუსთავის ქალთა N5 (30 მსჯავრდებული) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პატიმრების აცრით დაიწყო.

იმუნიზაციის პროცესში პატიმრების ჩართვა ნებაყოფლობითია.

„მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსჯავრდებულთა ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანიმობილები და რეანიმატოლოგები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები „ევროპის იმუნიზაციის კვირეულის“ ფარგლებში ვაქცინაციის პროცესში აპრილის ბოლოდან აქტიურად ჩაერთნენ. პირველად აცრა სამსახურის 55 წელს ზემოთ თანამშრომლებმა გაიკეთეს.