ღარიბაშვილი ესპანეთში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრება

ესპანეთის მეფე ფილიპ VI გახსნის მადრიდში მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, როგორც პარტნიორი ქვეყანა.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთს 19–20 მაისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ღარიბაშვილი მადრიდში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021 გახსნაში, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სახით მონაწილეობს. ღონისძიებას ესპანეთის მეფე ფილიპ VI გახსნის.

„საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სპეციალური სივრცე ექნება, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს, შედიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივლისს დამყარდა. ესპანეთში საქართველოს საელჩო 2004 წელს გაიხსნა.

ქვეყნებს შორის გაფორმებულია რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხსნის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, მეცნიერება და განათლება.

ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურობით ხასიათდება. ესპანეთი, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები, მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს.