შსს: დმანისში პოლიციის ძალები არიან მობილიზებული

შსს დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დაპირისპირება და დაემორჩილონ სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნებს. 

დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა – პოლიცია ხალხის დამშვიდებას ვერ ახერხებს

სიტუაცია დმანისში, სადაც გუშინ ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა, დილიდან დაიძაბა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 16 მაისს დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო. პოლიციამ კონფლიქტში მონაწილეთა იდენტიფიცირება უკვე მოახდინა.

„დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ბეისბოლის კეტები გარჩევაზე დმანისში - რა ვერ გაიყვეს ადგილობრივებმა

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანსკნელსაც ჩამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

სამართალდამცველებმა გუშინ ადგილზე სამხილების სახით სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, ხელკეტები ამოიღეს. პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში კონფლიქტის მონაწილეების დაკითხვა თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.