საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები საარჩევნო სისტემაზე დაახლოვდა

მხარეებმა შეათანხმეს, რომ ცესკოს ეყოლება ორი თავმჯდომარე - პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ მიაღწიეს კომპრომისს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხების დიდ ნაწილზე, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ორშაბათს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე იმსჯელეს. მორიგ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ისე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კომპრომისულ შეთანხმებას. შედეგად, მხარეებმა შეთანხმებულად ისე უნდა შეცვალონ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.

მცდელობა ნომერი ორი: ვენეციის კომისია საარჩევნო სისტემის რეფორმას კიდევ ერთხელ შეაფასებს

„საკითხების უდიდეს ნაწილზე მივაღწიეთ შეთანხმებას, თუმცა რჩება კონკრეტული საკითხები, სადაც გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ხვალ დილით მივაწვდით ჩვენს ხედვას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორ ვაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას, რამდენად ვხედავთ შანსს, რომ კონსენსუსის გზით იყოს მიღებული შესაბამისი ცვლილებები და ამის შემდეგ დაიწყება უკვე კონსულტაციები როგორც ვენეციის კომისიასთან, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, საკითხები, რომლებზეც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საერთო ხედვა, კერძოდ კი საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, კანონპროექტის მეორე მოსმენისას შეიძლება შეთანხმდეს.

შეხვედრით კმაყოფილია პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.

„გირჩი“ საარჩევნო სიებში კვოტების წინააღმდეგ გამოვიდა

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით, ეს პოზიტიური განვითარებაა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას, იქნება პარლამენტში პირველი, მეორე მოსმენა, ცვლილების შეტანის საშუალება იქნება. ახლა ეს დოკუმენტი ვენეციის კომისიაში იგზავნება, განსხვავება გვრჩება რიგ საკითხებში, მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე – პროფესიული ნიშნით არჩეული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუ ცესკოს თავმჯდომარე საკუთარ უფლებამოსილებას ვერ შეასრულებს, ამას ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული თავმჯდომარე შეასრულებს.

საქართველოს საარჩევნო რეფორმა მზადაა: ცვლილებების პროექტის დეტალები

„საბოლოო ჯამში, ამ პაკეტით ვიღებთ ერთი მხრივ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რაც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დამატებით ის საკითხები შევათანხმეთ, რაც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო 19 აპრილს. მიგვაჩნია, რომ მოადგილის საკითხი სამართლებრივად სწორი არ არის, მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა ამჟამად მოამზადეს სრული ანგარიში ცვლილებებზე და კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.

PACE: საქართველოში ამომრჩეველთა სიებს ენდობიან

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.