თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის მეორე დოზაზე რეგისტრაციას 20-21 მაისს შეძლებენ, განაცხადა ტელეკომპანია Rustavi-2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გაუჭირდა რეგისტრაცია ჩინური ვაქცინის მეორე დოზაზე პლატფორმაზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამო, მაგრამ ახლა პრობლემა უკვე აღმოიფხვრა.
ის მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინის გაკეთებას 21-ე დღეს ვერ შეძლებენ, დარეგისტრირებას და აცრის ჩატარებას 28-დღიანი შუალედის ამოწურვამდე შეძლებენ.
„ივნისში 800 ათასი ადამიანი ალბათ შეეცდება დარეგისტრირებას, ეს ტექნიკური ხარვეზი კი არ განმეორდება. სამომავლოდ სისტემა დაიხვეწება და გაცილებით მეტი მომხმარებლის მიღებას შეძლებს", – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსზე აცრა 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იცრებოდა სამედიცინო პერსონალი, მაგრამ პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ახლა უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს მოიცავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით 90 ათასმა ადამიანმა გაიკეთა.