კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს ღია სივრცეში მიიღებენ

საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ამსუბუქებს შეზღუდვებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირასაც მიიღონ, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაცია მსუბუქდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში 1 ივნისიდან ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქებაც არის შესაძლებელი.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაშია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა მუშაობა შიდა სივრცეებში (შაბათ-კვირის გარდა) 8 მარტიდან განაახლეს.