დაპირისპირება დმანისში – მხარეები შერიგებაზე საუბრობენ

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას დაიწყო და დღეს გაგრძელდა.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. დმანისის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ შერიგებით დასრულდა, დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

მასმედიის ინფორმაციით, კონფლიქტი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის კვირას, საღამოს მოხდა და ახალი ძალით ორშაბათს გაგრძელდა. 

მერიაში შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარიც. რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ დმანისში მომხდარი შეტაკება ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ კონფლიქტი აუცილებლად უნდა ამოიწუროს.

„ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც შეიძლება აწყობდეს ვითარების ესკალაცია, ზოგს პოლიტიკური ნიშნით, ზოგს რაღაც სხვა მიზნები აქვს და ნუ მივცემთ მათ გახარების საშუალებას... არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი ვინ იყო ორგანიზატორი. მაგრამ ფაქტია, რომ იყო ორგანიზებული, და ალბათ გაეცემა ამ კითხვებს პასუხი“, – აღნიშნა სუბარმა.

დაპირისპირება დმანისში: კონფლიქტის განმუხტვას პოლიცია ცდილობს

მისი თქმით, იმ ადამიანების ოჯახის წევრები, ვინც გუშინ კონფლიქტში მონაწილებდა, მომხდარ დაპირისპირებას  აბსოლუტურად ემიჯნებიან. ისინი ამბობენ, რომ დმანისში წლებია ერთად ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ და ამიტომ კონფლიქტი უნდა ამოიწუროს.

„ესენი აქ შერიგდებიან, მათი ოჯახები ერთად ცხოვრობდნენ და იცხოვრებენ მომავალშიც, იცხოვრებენ მშვიდად, და ყველას მოვუწოდებ, რომ ნურავის ნუ შეეცდება აქ ვითარების ესკალაციას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი აღმოსავლეთ საქართველოს მუფტიმ ეტიბარ ემინოვმაც გააკეთა. მან განაცხადა, რომ მხარეები შერიგებაზე შეთანხმდნენ და კონფლიქტს გაგრძელება არ ექნება.

„ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომლის გაღვივების საშიშროებაც იყო, ჩაცხრა. ყველა მხარის – სასულიერო პირების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ჩართულობით იქნა მიღწეული შეთანხმება, ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ და ეს არის ძალიან სასიხარულო და მისასალმებელი“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა.

წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დამატებითი ძალები: რა ვითარებაა დმანისში ამ დროისათვის

ეტიბარ ემინოვმა აღნიშნა, რომ მისი, როგორც სასულიერო პირის სურვილი და რჩევა იქნება ადგილობრივების მიმართ, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი არ დაუშვებს, კონფლიქტი გაღვივდეს, ისინი ყოველთვის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს – ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნოთ გაძლიერებაზე“, – განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა ეტიბარ ემინოვმა.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება, რომელიც ბეისბოლის ბიტებისა და ხის ხელკეტების გამოყენებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, კვირას დაიწყო იმის გამო, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონემ ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, განაწყენებულმა ახალგაზრდებმა დასახმარებლად სხვებიც იხმეს და მაღაზიის მფლობელთან საქმის გარჩევა სცადეს. დამცველები ამ უკანასკნელსაც გამოუჩნდნენ. ჩხუბში დაახლოებით ორი ათეული ახალგაზრდა აღმოჩნდა ჩართული.

შეტაკებები დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია შედარებით განიმუხტა დამატებითი საპოლიციო ძალების შეყვანის შემდეგ.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც. დმანისში შეყვანილია სამართალდამცველების დამატებითი ძალები, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.