თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
საქართველო სხვა ათეულობით ქვეყნის მსგავსად მაისის მესამე კვირაში შიდსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში აივ-ინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყარო ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია, მეორე ადგილზეა დაინფიცირებული ნემსით ნარკოტიკის ინექცია, მესამეზე – ჰომოსექსუალური კონტაქტები.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 8.823 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის 6.587 მამაკაცია და 2.236 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
შიდსი 4.441 პაციენტს განუვითარდა, აქედან 1.834 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 157 ადამიანი, 2021 წლის დასაწყისიდან - 41 პირი.
ცენტრის მონაცემებით, აივ-მკურნალობას 5.517 პაციენტი გადის, მათ შორის 44 მოზარდია.
შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.