თბილისი, 16 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
შაბათს, 15 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე სამმა უცნობმა პირმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. ინციდენტი მოხდა იარდიმლის რაიონის სოფელ განდერესთან.
დამრღვევებმა, რომლებიც არ დაემორჩილნენ მესაზღვრეების კანონიერ ბრძანებას, მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს, ტვირთი დაყარეს და მიმალვა სცადეს.
ბოროტმოქმედების მიერ ატეხილი სროლის შედეგად დაიჭრა ორი მესაზღვრე. მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, სამხედროების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ერთ-ერთი დამრღვევი, რომელიც ირანის მოქალაქე გასანალი ბარგი აღმოჩნდა. ინციდენტის ტერიტორიაზე საძიებო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია 3,8 კგ მარიხუანა და დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული პრეპარატები - დაახლოებით 18 ათასი აბი.
სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით აღიძრა (განზრახ მკვლელობა, დიდი ოდენობით ნარკოტიკების და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა კონტრაბანდა, უკანონო შეძენა-შენახვა-ტრანსპორტირება-გასაღება, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა).
ეჭვმიტანილი ბარგის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირების დასაკავებლად.