საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს აფრთხილებს: მოქმედების ინსტრუქცია

საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ შორ მანძილზე გადაადგილებისგან.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ინსტრუქციას ავრცელებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სირენის/განგაშის სიგნალის ან აფეთქების ხმის გაგონებისთანავე მათი ადგილმდებარეობის მიხედვით შემდეგი ქმედებები განახორციელონ:

  • შენობაში – უნდა შეხვიდეთ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში ან სპეციალურ დაცულ ოთახში, დაკეტოთ კარები და ფანჯრები.
  • შენობის გარეთ ყოფნისას – შედით უახლოეს შენობაში იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი. თუ თქვენს ახლოს არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.
  • ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები.
  • სამ ან მეტსართულიან შენობის ბოლო სართულზე მცხოვრები პირები, თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ორი სართულით ქვემოთ.
  • სამსართულიან შენობაში ბოლო სართულზე მცხოვრები პირები თუ შენობაში არ არის დაცული სივრცეები (თავშესაფარი, სპეციალური ოთახი) უნდა დაეშვან ერთი სართულით ქვემოთ.
  • შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება დაუშვებელია;
  • სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში სირენის/განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა.
  • დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას. თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
ისრაელის არმია: ღაზის სექტორიდან 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურს, ვებ-გვერდი: www.oref.org.il, სოციალური მედიით (Facebook) ან ტელეფონზე: 104.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა შვიდი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 139 ადამიანი, მათ შორის 39 ბავშვია და 22 ქალი. ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ისრაელში ვითარების ესკალაციის შემდეგ ქვეყანაში საქართველოს ერთი მკვიდრი დაშავდა. ამ ეტაპზე ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი არ განიხილება.