საქართველოს პარლამენტში შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნას

ფრაქციის შექმნაზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუშაობს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატი ჰყავს.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე მუშაობს, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან თეონა აქუბარდიამ.

პარლამენტში ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ შვიდი დეპუტატია საჭირო. არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომლის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლებელი გახდება ფრაქციის შექმნა ოთხი დეპუტატის მიერ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატი ჰყავს.

„ლელომ“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა

„სტრატეგია აღმაშენებელი" მუშაობს ფრაქციასთან დაკავშირებულ საკითხზე. იცით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე იგეგმება კონსტიტუციაში ცვლილებები, შესაბამისად, ჩვენ ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ“, – განაცხადა აქუბარდიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ამჟამად პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე მივლინებით უცხოეთში იმყოფება.

„როგორც კი დაბრუნდება ქვეყანაში, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში შექმნეს ახალი ფრაქცია სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, რომელშიც პარტია „ლელოს“ წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შევიდნენ. ამგვარად, ეს პირველი ოპოზიციური ფრაქცია გახდა მეათე მოწვევის პარლამენტში.

შევლენ თუ არა „ნაციონალები“ პარლამენტში>>

უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია იქნება.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ფრაქციის შექმნის მექანიზმების გამარტივება იგეგმება, რის შემდეგაც საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებას შვიდის ნაცვლად ოთხი დეპუტატი შეძლებს.