საქართველოში Sinovac-ით ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინებით ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinovac-ით  ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

კოვიდ-ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა: პრობლემა აღმოფხვრილია

Sinovac-ი მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება – Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინებით ჩინეთსა და მის ფარგლებს გარეთ აცრილია 300 მილიონამდე ადამიანი. გამყრელიძის განმარტებით, Sinovac-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა აღნიშნულ ვაქცინას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს ჯანმოს სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან.

„ეს საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე. „სინოვაკი“ არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომლითაც ჩინეთი გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ვაქცინის 100 ათასი დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად აპრილის ბოლოს მიიღო... უახლოეს დროში ველოდებით, რომ „სინოფარმის“ მსგავსად „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას. საქართველოში აღნიშნული ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი.

ვირუსის ინაქტივაცია - ვაქცინების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო მეთოდია. ამ ტექნოლოგიით შექმნილია, მაგალითად, დიფტერიის, В ჰეპატიტის, პოლიომიელითის, ყივანახველას და ტეტანუსის ვაქცინები. 

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი საქართველოშია

ჩინურმა Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია 5 მაისს მიიღო. აღნიშნული პრეპარატის 100 ათასი დოზა ქვეყანამ აპრილში მიიღო. დამატებით 600 ათას დოზას ქვეყანა ივნისი-ივლისში მიიღებს.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით. Sinovac-ის გამოყენება ნებადართულია 18 წელს ზემოთ პირებისთვის. Sinopharm-სგან განსხვავებით, მეორე ინექციის გაკეთება 14-დან 28 დღემდე ინტერვალშია შესაძლებელი. აღნიშნულ პრეპარატს სხვა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 77.343 ადამიანი.