საქართველო Javelin-ის სარაკეტო სისტემების დამატებით პარტიას შეიძენს

საქართველოსთვის ამერიკული „ჯაველინების“ მიყიდვას რუსეთი აფასებს როგორც „რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ" თბილისის წაქეზებას.
Sputnik

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველო ამერიკული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების დამატებითი პარტიის შეძენას გეგმავს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველომ სარაკეტო კომპლექსების პირველი პარტია 2017 წელს შეისყიდა. თბილისმა ვაშინგტონს წინადადებით მიმართა, მიეყიდა Javelin-ის ტიპის 410 რაკეტა და 72 მართვადი გამშვები დანადგარი, მათ შორის, ორი მართვადი გამშვები ბლოკი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების რაკეტების მიყიდვის გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში მიიღო.

„რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

თავდაცვის მინისტრს ჯერ არ დაუზუსტებია, სარაკეტო სისტემების რა მოცულობის შესყიდვაზეა საუბარი. მან ასევე აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სარაკეტო კომპლექსების მიყიდვას, რუსეთმა მაშინ უკმაყოფილება გამოთქვა. რუსეთმა მსგავსი სახის სამხედრო დახმარება შეაფასა როგორც „რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურებისკენ" თბილისის წაქეზება.

ამაზე საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ Javelin-ის სისტემა თავდაცვით იარაღს წარმოადგენს და საქართველოს გადაწყვეტილება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული არ არის.